ასოციაციის სტრუქტურა

 

ასოციაციის საბჭო

ასოციაციის უმაღლეს მმართველ ორგანოს წარმოადგენს ასოციაციის საბჭო, რომელიც შედგება ასოციაციის წევრების მიერ დანიშნული წარმომადგენლებისგან. ასოციაციის საბჭო წარმართავს ასოციაციის  საქმიანობას და უფლებამოსილია ასოციაციის სახელით მიიღოს ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • ასოციაციაში ახალი წევრის მიღება
  • ასოციაციის წევრობის შეჩერება/აღდგენა/შეწყვეტა;
  • ასოციაციის წესდების და პროგრამ(ებ)ის მიღება; დამტკიცება; გადასინჯვა; შეცვლა;
  • ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის არჩევა/გადაყენება.

ასოციაციის თავმჯდომარე

ასოციაციის თავმჯდომარე არის საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც ხელს აწერს ასოციაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მონაწილეობს მართვაში და უზრუნველყოფს ასოციაციის საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიუკერძოებლობასა და ნეიტრალურობას. 

ასოციაციის თავმჯდომარე სარგებლობს ასოციაციის საბჭოსა და აღმასრულებელი მდივნის გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლებით, რომელიც ექვემდებარება  მიუკერძოებლობის და სამართლიანობის პრინციპს ობიექტური და რაციონალური გადაწყვეტილების მოტივით.

აღმასრულებელი მდივანი

ასოციაციის ყოველდღიურ საქმიანობას უძღვება აღმასრულებელი მდივანი, რომელიც არის ასოციაციას ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. აღმასრულებელი მდივანი წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია ასოციაციის სახელით დადოს გარიგებები წესდებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. აღმასრულებელ მდივანს, ასოციაციის თავმჯდომარის წარდგინებით 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს ასოციაციის საბჭო. აღმასრულებელი მდივნის ფუნქციების განხორციელებაში მხარდაჭერის მიზნით, იქმნება აპარატი, რომელსაც აკომპლექტებს აღმასრულებელი მდივანი.

კომიტეტები

ასოციაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ასოციაციის ფარგლებში იქმნება სხვადასხვა თემატური კომიტეტები, რომელიც ფოკუსირებულია ასოციაციის სხვადასხვა კონკრეტული ფუნქციის შესრულებაზე.  დღესდღეობით ასოციაციის წესდება ითვალისწინებს შემდეგი კომიტეტების არსებობას:

  • სავალუტო ბაზრის კომიტეტი;
  • ფულადი ბაზრის განვითარების კომიტეტი;
  • ობლიგაციების ბაზრის კომიტეტი;
  • ფინანსური განათლების კომიტეტი;
  • ეთიკისა და დავების გადაწყვეტის კომიტეტი;