05/03/2021 | საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ დერივატივების ჩარჩო ხელშეკრულება შეიმუშავა

თბილისი, 04 მარტი, 2021.

პრესრელიზი

 

ფინანსური ბაზრების ასოციაციამ შეიმუშავა ჩარჩო ხელშეკრულება, რომელსაც ფინანსური ბაზრის მონაწილეები გამოიყენებენ დერივატიული გარიგების დასადებად. ეს დოკუმენტი საშუალებას იძლევა, მხარეებს შორის, დერივატიული გარიგებები დაიდოს სწრაფად, იურიდიული რისკების გარეშე და მინიმალური დანახარჯებით.

ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ, რომლის ერთ-ერთი მანდატი სწორედ ასეთი ჩარჩო ხელშეკრულებების შემუშავებაა. დერივატივების კანონის მიღებისთავავე, 2020 წლის დასაწყისში დაიწყო ამ თემაზე მუშაობა. სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკი და ბაზარზე მოქმედი წამყვანი კომერციული ბანკები. დოკუმენტი შეესაბამება, ISDA-ს საერთაშორისო ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტსა და საუკეთესო პრაქტიკას. ასევე, გათვალისწინებული იქნა ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკა და დერივატივების კანონის მოთხოვნები.  შედეგად მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს დერივატივების სეგმენტის და ზოგადად ფინანსური ბაზრების განვითარებისათვის. ჩარჩო ხელშეკრულების გამოყენებით კომპანიები შეძლებენ უკეთ მართონ საკუთარი ფინანსები და შეამცირონ რისკები. სხვა საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანია რომ, ჩარჩო ხელშეკრულება ქმნის ურთიერთგაქვითვის ერთიანი შეთანხმების კოცეფციას, რომელიც აწესრიგებს ამ ინსტრუმენტის პრაქტიკაში გამოყენებას.

როგორც კანონის მიღების პროცესში, ასევე ჩარჩო ხელშეკრულების შემუშავებისას აქტიურად გვეხმარებოდა საერთაშორისო სვოპებისა და დერივატივების ასოციაცია (ISDA), რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ ამ ორგანიზაციას.

 ლაშა ჯუღელი, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი:

„ჩარჩო ხელშეკრულებაზე საკრედიტო უზრუნველყოფის დანართზე მუშაობის დასრულება მნიშვნელოვანი ეტაპია დერივატივების ბაზრის განვითარების გზაზე. ის საშუალებას იძლევა ადგილობრივ ბაზარზე დერივატივებით ვაჭრობა სტანდარტიზირებული, უფრო მოქნილი და  მნიშვნელოვანი რისკებისაგან დაცული გახდეს.“

 

ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი:

„ეროვნული ბანკი მიესალმება დერივატივების ბაზრის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, რომლის შედეგადაც დერივატივების ბაზარი უნდა გახდეს უფრო ეფექტური და ლიკვიდური. ეს ხელს შეუწყობს საპროცენტო და სავალუტო რისკების უკეთესად მართვას, როგორც ფინანსურ ინსტიტუტებში, ისე ზოგადად ფინანსურ ბაზრებზე.“

 

ხელშეკრულების მნიშვნელობას, ასევე ხაზი გაუსვეს კომერციული ბანკების წარმომადგენლებმაც:

 საქართველოს ბანკის ხაზინის დეპარტამენტის დირექტორი კახაბერ დავითაია:

„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ბანკმა დაიწყო დერივატივების ჩარჩო ხელშეკრულების (ISDA) და საკრედიტო უზრუნველყოფის დანართის (CSA) გაფორმება რამდენიმე საერთაშორისო ბანკთან. აღნიშნული კანონის ამოქმედებამ საქართველოს ბანკს მისცა შესაძლებლობა,   გაემარტივებინა დერივატივებით ვაჭრობის პროცესი. დერივატივების ლოკალური ჩარჩო ხელშეკრულების შემუშავების საკითხის დარეგულირება იძლევა საშუალებას, რომ ბანკმა დერივატივების ოპერაციები მომხმარებლებს გაუმჯობესებული პირობებით შესთავაზოს,  აღნიშნული ჩარჩო ხელშეკრულება ხელს შეუწყობს საქართველოს ბანკებსა და მათ მომხმარებლებს შორის დერივატივებით ვაჭრობის სტანდარტიზაციას, რაც ქართულ კომპანიებს  საბაზრო რისკების მართვას გაუუმჯობესებს„

 

თბს ბანკის ხაზინის ხელმძღვანელი, პაატა მახარაძე :

„დერივატივების ლოკალური ჩარჩო ხელშეკრულების (ISDA) და საკრედიტო უზრუნველყოფის დანართის (CSA) შემუშავებაში აქტიურად ჩართული იყო თი-ბი-სი ბანკის სამუშაო ჯგუფი. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია საერთაშორისო პრაქტიკა, ლოკალური ბაზრის და სამართლებლივი პრინციპები. აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუწყობს დერივატივების ბაზრის განვითარებას საქართველოში. ქართულ ბანკებს მისცემს საშუალებას დერივატული ოპერაციები გაუმჯობესებული პირობებით აწარმოოს ადგილობრივ ბაზარზე და შეამცირონ კონტრაჰენტის რისკები“.

 

პიტერ ვერნერი, ISDA-ს უფროსი მრჩეველი:

„ISDA მიესალმება ქართული ჩარჩო ხელშეკრულებისა და საკრედიტო უზრუნველყოფის დოკუმენტაციის გამოქვეყნებას. ეს დოკუმენტები ეფუძნება OTC დერივატივებით საერთაშორისო ტრანზაქციების გლობალურ სტანდარტებს. ადგილობრივი ჩარჩო ხელშეკრულების ტექსტი გამოქვეყნებულია ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ვებ გვერდზეwww.gfmta.ge (. ბმული). და  მისი გამოყენება თავისუფლად იქნება შესაძლებელი ბაზრის მონაწილეებისათვის.  დაინტერესებული მხარეები მხოლოდ რამდენიმე გვერდიანი დანართების ხელმოწერით შეძლებენ ამ ხელშეკრულების ტექსტზე მიერთებას, რაც საგრძნობლად აიოლებს პროცესს და ასევე ხელს უწყობს სამართლებრივი მარეგულირებელი სფეროს სტანდარტიზაციას.

დიდ მადლობას ვუხდით ISDA-ს, როგორც კანონის, ასევე ჩარჩო ხელშეკრულებაზე მუშაობის პროცესში მხარდაჭერისათვის. ასევე, გვინდა ჩვენი მადლიერება გამოვთქვათ ფინანსური ბაზრის მონაწილეების მიმართ, სამუშაო ჯგუფში ნაყოფიერი მონაწილეობისათვის.

 

დამატებითი  ინფორმაციისთვის,  გთხოვთ  დაუკავშირდეთ:   საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციას. ელ-ფოსტა: secretary@gfmta.ge